ფრინველთა თავშეყრის ადგილები

ძალიან ხშირად ხდება, რომ ქალაქებში ბუნება ადამიანთა უმეტესობისათვის შეუმჩნეველია. თუმცა, ქალაქებიც გარემოს ნაწილს წარმოადგენენ და ისინიც სიცოცხლითა არიან სავსე. ურბანულ ეკოსისტემებში ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას შეუძლია დადებითი ზემოქმედება მოახდინოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და განათლებაზე და ამგვარად, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ბუნებრივ ეკოსისტემებში.

თბილისში ფრინველებზე დასაკვირვებელი ადგილების გამოყოფით „საბუკოს“ სურს, მოსახლეობას ყურადღება ქალაქის ფრინველებზე გაამახვილებინოს. აქ ფრინველთა სამყარო მხოლოდ კონკრეტული პარკებით არ შემოიფარგლება. ისინი, ფაქტობრივად, ყველგან არიან. გარდა ამისა, საბუკომ მონიშნა ფრინველთა თავშეყრის რამოდენიმე ადგილი, რომლებიც თავიდან ბოლომდე ხელოვნურია, მაგრამ ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც ორნითოფაუნაზე დაკვირვების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა. ეს ადგილები ერთნაირად პოპულარულია ფრინველებისა და ადამიანებისთვის.

თბილისი მხოლოდ საქონლის გადაზიდვისა და ადამიანთა გადაადგილების მარშრუტების მთავარი გზაჯვარედინი – უძველესი აბრეშუმის გზა – როდია. მასზე გადის ფრინველთა მიგრაციის მთავარი მარშრუტებიც. აღნიშნულის გამო,  მიგრაციის პერიოდში შეგიძლიათ დაინახოთ სახეობები, რომლებსაც რეალურად  მხოლოდ გადაფრენისას მოჰკრავთ თვალს. საქართველოში დაფიქსირებული დაახლოებით 385 ფრინველიდან საშუალოდ 179  თბილისშიც ფიქსირდება.

ალბათ, შეუძლებელი იქნება თბილისში დაფიქსირებულ ფრინველთა სრული ჩამონათვალის გაკეთება. თანაც, ყოველთვის არის შანსი, დავინახოთ გამრავლების ადგილიდან გამოსაზამთრებელ ადგილამდე ან პირიქით გადამფრენი ფრინველი. ამასთან,  სახეობების ნუსხა საკმაოდ ვრცელია იმ განსხვავებული ეკოსისტემების გამო, რომლებიც  თბილისის მუნიციპალიტეტის შემოგარენში შეგიძლიათ ნახოთ.

საძიებელი მიყვება ტაქსონომიას Avibase-ის მიხედვით, რომელიც მოსდევს 2018 წლის Clements- ის ნომენკლატურას.