საბუკო ჭაჭუნას აღკვეთილში „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს საძოვრების მდგომარეობის შესწავლას. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სოფიო მაღლაკელიძე და რევაზ კვარაცხელია. გიზიარებთ ტრენინგის გავლის პერიოდში მიღებულ სტუდენტთა შთაბეჭდილებებს.

„აპრილში ჩავედით დედოფლისწყაროში, საიდანაც გავემართეთ ჭაჭუნას აღკვეთილისკენ. ჩასვლის დღეს საბუკოს თანამშრომლებთან ერთად მოვაწყვეთ დასარჩენი ადგილი, მოგვიანებით კი გავეცანით მიმდებარე გარემოს. კურატორმა დეტალურად გაგვაცნო მომდევნო დღეებში შესასრულებელი სამუშაო: ველზე ყოფნის დროს ვაგროვებდით მოყვავილე მცენარეებს და ვათავსებდით ქვებით დაპრესილ გაზეთებში, რომლებსაც პერიოდულად ვცვლიდით ნიმუშების შესანარჩუნებლად. ასევე, აქტიურად ვაკვირდებოდით მცენარეულ საფარს და აღვწერდით მათ ადგილმდებარეობას. ვინიშნავდით ნაკვეთების GPS-ს მონაცემებს და ვსწავლობდით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ სოლებზე დამაგრებული თოკით შემოსაზღვრულ ნაკვეთებს, რომელთა შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმით ხდებოდა, მათ შორის მცენარეული და ქვიანი საფარის პროცენტული მაჩვენებლით.
სტაჟირების პერიოდში დისტანციურად ვსწავლობდით ცხვრის ფარის მოძრაობის სისტემას, რისთვისაც ვიყენებდით ჭოგრიტს, ფოტო-კამერასა და რვეულს, სადაც ვაფიქსირებდით მოპოვებულ მონაცემებს, ჭაჭუნას აღკვეთილის ელექტრონულ რუკაზე კი სხვადასხვა ფერით ვინიშნავდით ცხვრის ფარის პერიოდულ გადაადგილებას. დაკვირვებას დღეში საშუალოდ ექვსი საათის განმავლობაში ვახორციელებდით.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ღირებული გამოცდილების მომტანია ჩვენთვის და გვაძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას“.





